Thursday, March 20, 2014

მათეს სახარება. 16 თავი

მათეს სახარება
თავი მეთექვსმეტე


იესოს მიუახლოვდნენ ფარისევლები და სადუკეველნი და სასწაულის ჩვენება სთხოვეს. ხოლო იესომ მათ მიუგო: " საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია. დილას კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ. უკეთური და მრუში მოდგმა სასწაულს ეძებს: "მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა." იესომ ისინი მიატოვა და წამოვიდა.

ხოლო იესოს მოწაფეებს, გაღმა გასვლისას,  პურის წამოღება დაავიწყდათ. იესომ გააფრთხილა ისინი: "ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს." ისინი კი გულში ფიქრობდნენ: "ალბათ იმიტომ გვეუბნება, რომ პურის წამოღება დაგვავიწყდაო." იესო კი მათ ფიქრებს მიხვდა და უთხრა: "რას ფიქრობთ მცირედ მორწმუნენო, პურის წამოღება დაგვავიწყდაო? ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ
ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა, და რამდენი გოდორი გაავსეთ კიდევ? არც შვიდი პურით ოთხი ათასი კაცის პურობა და რამდენი კალათი გაავსეთ კიდევ? ნუთუ არ გესმით, რომ პურის გამო როდი მითქვამს: "ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს–მეთქი?" მაშინღა მიხვდნენ მოწაფეები, რომ იესო მათ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებისგან დაცვას ცდილობდა.


ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის მხარეს მიადგნენ, იესომ მოწაფეებს ჰკითხა: "რას ამბობს ხალხი, ვინ არის ძე კაცისა?" მათ მიუგეს: "ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს – ელია, ზოგს – იერემია თუ ერთ–ერთუ წინასწარმეტყველთაგანი."
კვლავ ჰკითხა მათ: "თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე?" სიმონმა, იგივე პეტრემ მიუგო: "შენა ხარ, ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა.


ხოლო იესომ მიუგო: "ნეტარ ხარ შენ, სიმონ, იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ." ხოლო მე გეუბნები: "შენ ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც." 
იესომ სთხოვა თავის მოწაფეებს, რომ არ გაეთქვათ მისი ნამდვილი ვინაობა. იმის შემდეგ იესომ  დაიწყო თავისი მოწაფეებისათვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართგან, სასიკვდილოდ მიეცა თვი, და აღმდგარიყო მესამე დღეს. 
მაშინ გაიგო პეტრემ, გაიყვანა და კიცხვა დაუწყო და უთხრა: " შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ."


ხოლო იესო მობრუნდა პეტრეს და უთხრა: "გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმრთისგან კი არ ფიქობ, არამედ კაცისგან."
მაშინ იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: "ვისაც სურს მე მდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. რადგანაც ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისთვისდაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? რადგან მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისებრ მიაგებს თითოეულს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: "ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას თავის სასუფეველში."

No comments:

Post a Comment