Thursday, March 20, 2014

მათეს სახარება 15 თავი

მათეს სახარება
მეთხუთმეტე თავი

იესოსთან მივიდნენ იერუსალიმელი მწიგნობრები და ფარისევლები და ჰკითხეს: „რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას. იესომ მათ კითხვას კითხვითვე მიუგო: „კი მაგრამ, თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი ჩვეულებით? ვინაიდან ღმერთმა ბრძანა: „პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს. ხოლო თქვენ ამბობთ: „ყველა, ვინც ეტყვის თავის მამას ან დედას: „ღმერთს ვწირავ იმას, რითაც შემეძლო შენ შეგწეოდი, – პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას.“

თვალთმაქცნო, მართლად იწინასწარმეტყველა ესაია წინასწარმეტყველმა, რომელმაც თქვა: „ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებასა და მცნებებს.“


იესომ მოუხმო ხალხს და სმენისკენ მოუწოდა: „პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს.“
მაშინ მიუახლოვდნენ მას მოწაფეები და უთხრეს: „თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ? ხოლო იესომ მიუგო: „ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემს ზეციერ მამას, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. მოეშვით მათ: „ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან.
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: „განგვიმარტე ეს იგავი.“ხოლო იესომ თქვა: „ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა. ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და ის ბილწავს კაცს. ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი. ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს.









ქანაანელი ქალის იგავი
წამოვიდა იესო იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის მხარეს, სადაც ერთი ქანაანელი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მიჰყვიროდა მას და ამბობდა: „შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო. ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან. ხოლო იესომ მას არაფერი მიუგო. მიადგნენ მას მისი მოწაფეები და სთხოვეს: „გაუშვი ეს ქალი, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის. ხოლო იესომ პასუხად თქვა: „არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური. ქალმა კი მიუგო: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს? მაშინ იესომ მიუგო: „ეჰე, ქალო! დიდია შენი რწმენა და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს.“

წამოვიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვის პირას, მთაზე ავიდა და იქ დაჯდა. მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, თან მოიყოლეს კოჭლნი, ბრმანი, ყრუნი, საპყარნი და სხვა მრავალი, ფეხრთით დაუსვეს იესოს და მანაც განკურნა ისინი. ასე რომ, ხალხი გაოცებული რჩებოდა და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს. ხოლო იესომ მოიხმო მოწაფეები და უთხრა: „მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვთ საჭმელი. არ მინდა, უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში. უთხრეს მას მოწაფეებმა: „სადა გვაქვს ამ უდაბნოში იმდენი პური, რომ მთელი ხალხი დავაპუროთ? ჰკითხა მათ იესომ: „მაინც რამდენი პური გაქვთ? მათ მიუგეს: შვიდი, და ცოტაოდენი თევზი.

იესომ აიღო შვიდი პური და თევზი, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის
მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა – ხალხს. ყველამ ჭამა და გაძღ, ხოლო მჭამელი იყო ოთხი ათასი კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა. და გაისტუმრა ხალხი იესომ, ნავში ჩაჯდა და მიადგა მაგდალას საზღვარს. 

No comments:

Post a Comment