მათეს სახარება
თავი 19
როცა იესომ დაასრულა ეს
სიტყვები, წამოვიდა გალილეიდან და მივიღა იუდეის მხარეში, იორდანეს გაღმა.
თან მისდევდა დიდძალი ხალხი,
და იქ განკურნა ისინი. მაშინ საცდუნებლად მიუახლოვდნენ ფარისევლები და უთხრეს: აქვს
თუ არა ნება კაცს, ყოველგვარი მიზეზით გაუშვას ცოლი? ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ:
არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი? და თქვა:
კაცი როდესაც მიატოვებს დედ-მამას და წავა ქალთან ისინი ერთი ხორცი ხდებიან ამრიგად,
ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.
კვლავ უთხრეს მას: მაშინ რატომღა
გვამცნო მოსემ გაყრის წერილის მიცემა და ცოლთან გაყრა? მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის
გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე. ხოლო მე გეუბნებით თქვენ:
ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს; და
ვინც განაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს.
უთხრეს მას მოწაფეებმა: თუ კაცს
ამდენი რამ მართებს ცოლის მიმართ, უმჯობესია სულაც არ შეირთოს. ხოლო იესომ პასუხად
თქვა: ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც მიეცა. ვინაიდან
არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ; არიან საჭურისნი, რომელნიც
კაცთაგან დასაჭურისდნენ; და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა
სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს. მაშინ მიჰგვარეს მას ბავშვები,
რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი, მოწაფეები კი უშლიდნენ მათ. ხოლო იესომ თქვა: აცადეთ
ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი.
დაადო ხელი და წავიდა იქიდან.
და, აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო
სიცოცხლე მქონდეს? ხოლო მან მიუგო: რად მეკითხები სიკეთის გამო? არავინაა კეთილი, გარდა
ერთის - ღმერთისა, ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი. უთხრა მას:
რომელნი? ხოლო იესომ მიუგო მას: არა კაც-ჰკლა; არა იმრუშო; არა იპარო; არა ცილი სწამო;პატივი
ეცი მამას შენსას და დედას; და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. უთხრა მას
ჭაბუკმა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია კიდევ? იესომ მიუგო
მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და
გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე. ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული
წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
ხოლო იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდიდარი
ძნელად თუ შევა ცათა სასუფეველში. ამასაც გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება
ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. ეს რომ მოისმინეს, მოწაფეები
ძალზე განცვიფრდნენ და თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება. შეხედა იესომ და უთხრა მათ:
ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია.მაშინ პეტრემ მიუგო
და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ?ხოლო
იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა
ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის
თორმეტი ტომის განსჯად.და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის
ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად
მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცსლეს დაიმკვიდრებს. მაგრამ მრავალი პირველი იქნება
უკანასკნელი, და უკანასკნელი - პირველი.
ლაზარეს შაბათი –“ლაზარე” ებრაული სახელია და ქართულად “ღვთის წყალობას” ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.
ლაზარეს შაბათი ბზობის წინა შაბათს აღინიშნება.
ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება წინ უსწრებს მაცხოვრის აღდგომას. ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-12 თავში. სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი, აღთქმული მესია ისრაელისა.
უფალს მართალი ლაზარეს აღდგინებით სურდა, მკვდრეთით აღდგომის სასწაული ეჩვენებინა, თავისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა მოციქულები.
როდესაც ლაზარე ავად გახდა, მარიამსა და მართას მაცხოვრის სასწაულთმოქმედების იმედი ჰქონდათ, ამიტომ პატივისცემით გაუგზავნეს კაცი ქრისტეს და შეატყობინეს: უფალო, შენ ვინც გიყვარს, ავადაა. მათ იცოდნენ, რომ მაცხოვარი ინებებდა ლაზარეს განკურნებას.
ეს რომ უფალმა გაიგო, თქვა, სნეულება სასიკვდილო არ იყო. იესოს უყვარდა ლაზარე და მისი დები. თუმცა უფალი მათ არ გაჰყვა, რადგან სასწაული ჰქონდა ჩაფიქრებული. 2 დღე დარჩა იმ ადგილას, სადაც იმყოფებოდა. ეს უფლის დიდი სიყვარულით გახლდათ გამოწვეული.
- იუდეაში წავიდეთ, – უთხრა უფალმა მოწაფეებს. მოწაფეებმა უპასუხეს: იუდეველები შენს ჩაქოლვას აპირებენ და შენ ისევ იქ მიდიხარო? რაზეც უფალმა მიუგო: მე როცა თქვენთან ერთად ვარ, ნურაფრის ნუ გეშინიათო. როდესაც უფალთან კაცი გამოაგზავნეს, ლაზარე ავად იყო. ცნობილია, რომ ლაზარე გარდაიცვალა. უფალმა ეს იცოდა.
როდესაც იესო ბეთანიაში მივიდა, ლაზარე 4 დღის დამარხული გახლდათ. მართალი ლაზარე კლდეში ესვენა, სადაც გამოქვაბული იყო და ლოდი ჰქონდა მიფარებული.
ლაზარეს ოჯახი დიდი პატივისცემით სარგებლობდა. იქ მრავალი იუდეველი იყო ნუგეშის საცემად მისული. გლოვა 7 დღე გაგრძელდა. უფალი მხოლოდ 4 დღის შემდეგ ჩავიდა. ბეთანიაში მართა იესოს შეეგება. მარიამი კი სახლში იმყოფებოდა. მართამ უთხრა მაცხოვარს: შენ რომ აქ ყოფილიყავი, ლაზარე არ მოკვდებოდაო. მართამ იცოდა, უფალს ძალუძდა მისი ძმის მკვდრეთით აღდგენა. მას სურდა, რომ იესოს მისი ძმა აღედგინა. მაგრამ ამის შესახებ პირდაპირ ვერაფერი თქვა და ასე მიმართა იესოს: მე მჯერა, რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს იგი. უფალმა კი უპასუხა, რომ თავად ის იყო ყოველთათვის სიცოხლე: “მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე”.
მართამ უპასუხა: მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღვთისა და მაცხოვარი სოფლისა. უფლის დარიგებით მართა რწმენაში განმტკიცდა და მის სულში სიმშვიდემ დაისადგურა. მას უნდოდა, მარიამსაც მიეღო ეს ნუგეშისცემა და თუმცა უფალს ის არ უხმია, მართამ მარიამს უთხრა, რომ მოძღვარი მასაც უხმობდა.
მარიამმა შეიტყო რა უფლის მოსვლა, უმალ გაემართ მისკენ, იესოც მას ელოდა, რათა სასაფლაოსკენ წასულიყვნენ. იუდეველები მარიამს გაჰყვნენ, რადგან ეგონათ, რომ იგი საფლავზე მიდიოდა. მარიამი კი მივიდა იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი ელოდა.
იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი და მასთან ერთად მისული იუდეველები. უფალიც აცრემლდა.
მივიდა 4 დღის დაფლულ ლაზარეს საფლავთან, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული, მსახურებს გადააგორებინა და მიმართა გარდაცვლილს: ლაზარე, გამოდი!
მართალი ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარაში შეხვეული – ხელფეხშეკრული. აღესრულა ორი სასწაული: მკვდრის აღდგომა და ხელფეხშეკრულის უფლის სიტყვისამებრ საფლავიდან გამოსვლა. მაშინ
მაცხოვარმა უბრძანა მსახურებს, გაეთავისუფლებინათ სუდარისაგან ლაზარე.
აღსდგა ლაზარე ისეთივე სხეულით, როგორიც ჰქონდა.
ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა. უფლის ნებით იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა და იქვე მშვიდობით მიიცვალა.
ეპისკოპოს ლაზარეს წმიდა ნაწილები კიტეაში იქნა დასვენებული. ბიზანტიის იმპერატორის – ლეონ ბრძენის ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.
ლაზარეს 2 საფლავი არსებობს: ბეთანიასა და კვიპროსზე.
საქართველოში მართმადიდებლური ეკლესია ლაზარეს შაბათს განსაკუთრებულად ზეიმობს.
საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი და ბზობის დღესასწაული თევზით ხსნილია.
No comments:
Post a Comment